„ვაზიანის მარანის“ ისტორია 2017 წელს დაიწყო, როდესაც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში მიწის ნაკვეთი შევიძინეთ. 2018 წელს საკუთარი ხელებით გავაშენეთ ვენახი, რომელსაც დღემდე ჩვენი ოჯახი უვლის. წლების განმავლობაში ვაზის მოვლა, ყურძნის მოყვანა და ღვინის დაყენება ჩვენი ოჯახური საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ვენახში ძირითადად წარმოდგენილია ქართლისთვის დამახასიათებელი ქართული ვაზის ჯიშები — ჩინური, გორული მწვანე და თავკვერი, ასევე მუსკატი. მათგან ვქმნით როგორც ცალკეული ჯიშის ღვინოებს, ისე განსხვავებულ ველის ნაზავებს, რათა თითოეულ ღვინოს თავისი გამორჩეული ხასიათი ჰქონდეს.